რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს და ფიცი დადეს.
მათ სიმბოლურად დილის 4:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს.
ფიცი მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.
"დღეს, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ, საქართველოს თავისუფლებისთვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან, დღეს ჩვენ - ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს, არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს, სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს, მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს, ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში", - ნათქვამია ფიცში.
რუსთაველის გამზირზე ფიცის დადების დროს ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.
ფიცის დადებამდე 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი აღევლინა, შემდეგ კი აქციაზე შეკრებილებმა ერთად ილოცეს.
ასევე მანამდე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები დილით, 12:30 საათზე ზვიად გამსახურდიას მიმართვას მოისმენენ და შემდეგ მეორედ დადებენ ფიცს.
რუსთაველზე იმყოფებიან პოლიტპატიმრების მშობლები და ახლობლები.
ფოტო:ტაბულა