ეს შენობა არის ქაჯეთის ციხე, წამების შენობა და აქ შედგა ელენე ხოშტარიას წამება - ამის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამმართველოში მიყვანის შემდეგ ქალი პოლიტიკოსი სრულიად გააშიშვლეს, არ აძლევდნენ საჭირო მედიკამენტებს.
"ელენე ბოლომდე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები, დააწვინეს საწოლზე და შეშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს უტარებდნენ"- ამბობს გვარამია.
ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ განცხადება თავიდან ბოლომდე მოგონილია:
"ამბავი, მოგონილია იმისთვის, რომ გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ ნარკოტიკი გვეგონა, ვეძებდით და ა.შ...
რაც შეეხება წამალს - ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლებში არაა სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან და ეს წამლებიც არ მისცეს. მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე, როცა მოიყვანეს მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და უთხრეს, რომ საპირფარეშოში არა - პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო. ამის მერე ითხოვა ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ. დღემდე არ დაულევია და ახლაც წნევა აქვს მაღალი. არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტში და შენ შემოიტანეო.
როგორც კი ეს მორჩა [ღებინება] მერე გააშიშვლეს და აკეთეს დეტექტორით ის, რაც მოგყევით" - თქვა ნიკა გვარამიამ ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ.
ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად,"შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა".
მანამდე ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე გავრცელდა წერილი. რომელშიც ხოშტარია აღნიშნავს:
"დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.
კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი".