ეკონომიკის სამინისტრო ახლებური საპრივატიზაციო პოლიტიკის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა დღეს პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილებოდა მთავრობის საპრივატიზაციო პოლიტიკა.
როგორც გობეჯიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის საპრივატიზაციო პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, რადგან დაგეგმილი იყო პრივატიზაციიდან მიმდინარე წელს 76 მილიონი ლარის მობილიზება, თუმცა პირველი სექტემბრის მაჩვენებლებით მობილიზებული იყო მხოლოდ 10 მილიონი ლარი, რაც პრივატიზაციასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს არასწრორ პოლიტიკას უკავშირდება.
გობეჯიშვილი იმასაც აღნიშნავს რომ ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს. მიმდინარეობს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული შენობა-ნგებობების აღწერა და მისი თქმით, ეს მაჩვენებელის სავარაუდოდ 1500-მდე მიაღწევს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული რიცხვის დასახელება უჭირს.
მისი თქმით, ახალი საპრივატიზაციო პოლიტიკა იქნება ის რომ მოხდება სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გამოყოფა, რომელიც მიმზიდველი არის უცხოური ინვესტიციებისათვის და შესაბამისად მათ პრივატიზებას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.
დანარჩენი ობიექტები კი გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს საპრივატიზაციოდ. პრივატიზაცია კი კანონის თანახმად განხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადაცემული საპრივატიზაციო შენობა-ნაგებობებიდან შემოსული თანხების ძირითადი ნაწილი მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტებში.
გობეჯიშვილის განმარტებით, პრივატიზაციიდან თანხა ადგილობრივ ბიუჯეტებში გადაირიცხება 65-დან 100 პროცენტამდე. თუმცა თითოეულ შენობასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის რაოდენობის კრიტერიუმები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.