საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაასრულა მსჯელობა მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის კრიტიკულ განცხადებებზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმე მათ კომპეტენციას ცდება. ბორდმა უსაფუძვლოდ მიიჩნია თანამშრომლების ბრალდებები და მოტივების დასადგენად საბჭოს 8 წევრმა არხის მენეჯმენტს ურჩია, რომ პროკურატურისთვის მიემართათ.
„უპასუხონ გამოძიებას, იქ სხვანაირად იქნება კითხვები დასმული ყველას მიმართ, მეც ვუპასუხებ” – ამბობს კიდევ ერთი წევრი, ბონდო მძინარიშვილი.
“შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული,” – განაცხადა საბჭოს წევრმა თამილა დოლიძემ.
"ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე შენ გეტყვი, არ არიან ეს ადამიანები შემჩნეული ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სასიცოცხლო ინტერესებს. ეს არის გლობალური სურათის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტი მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენ კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვნენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა". - განაცხადა გია მურღულიამ.
ბორდის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ კახა მელიქიძემ "სპორტში პოლიტიკა შემოიტანა"
„სპორტში პოლიტიკა შემოიტანა მელიქიძემ და რითი დასტურდება. ერთი იყო წერილი, რომელიც უფლებას გაძლევს აჩვენო VIP ტრიბუნა და არა უკაცრავად, მაგრამ ქანდარაზე შემომჯდარი პრეზიდენტი. ვინ იპოვა ის, რომ პრეზიდენტი აჩვენა და ეს არ იყო VIP ტრიბუნა. ეს ფაქტი არის თუ არა პოლიტიკის შემოყვანა, რაც მან შემოიყვანა. " თქვა კოხრეიძემ.
როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ სხდომაზე განაცხადა, არის ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ საკითხი პროკურატურამ შეისწავლოს.
"ამისი ესე დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება... არ შეიძლება მე თვალები დავხუჭო იმაზე, ეს ამდენი ტყუილი რატომ დაემთხვა ერთმანეთს... მე ძალიან მიზანშეწონილად მგონია, რომ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს პროკურატურამ. რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს ერთად, რატომ არის ეს ამბები გადაბმული ერთმანეთზე. ეს თუ ჩვენ ესე არ გავაკეთეთ, იქნება განუწყვეტელი პროვოკაციები. ეს იქნება, რომ ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება და უკვე აქედან გამომდინარე... ეს არცერთი მათი თვითშემოქმედება არ არის, ეს შემთხვევით არ ხდება... ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული"- თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.