უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა გაყინა რუსული აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიარდ ფუნტ სტერლინგს [თითქმის 30 მილიარდი ევრო] შეადგენს. იუწყება "დოიჩე ველე". გამოცემის ცნობით, ამას მოწმობს გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ფინანსური სანქციების ოფისის [Office of Financial Sanctions Implementation, OFSI] მიერ პარასკევს, 21 მარტს გამოქვეყნებული მონაცემები.
სააგენტოს თქმით, ლონდონმა და მისმა მოკავშირეებმა დააწესეს "ყველაზე მკაცრი სანქციები, რომლებოც რუსეთი ოდესმე დაწესებია“.
OFSI-ის შეფასებით, შედეგად, რუსეთმა 2022 წლის თებერვლიდან 400 მილიარდ დოლარზე მეტი (475 მილიარდ ევროზე მეტი) დაკარგა, რაც რუსეთის სამხედრო ხარჯების ოთხი წლის ტოლფასია.
„რუსეთის საერთო ფინანსური მდგომარეობა შესუსტდა და ფედერალური ბიუჯეტი სავარაუდოდ დეფიციტში დარჩება მინიმუმ 2026 წლამდე. რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და რუსეთი განიცდის გამოცდილი მუშაკების დეფიციტს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკას. ინფლაცია იზრდება, მისი ტემპებიმნიშვნელოვმად აჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს, ხოლო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკური იზოლაცია აძვირებს სესხებს.
გაერთიანებული სამეფოს სანქციების შედეგად, რუსი სამხედროები იძულებულნი არიან მიმართონ თაღლითურ სახელმწიფოებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი კრიტიკული მარაგებისთვის“, - ნათქვამია დეპარტამენტის პრესრელიზში.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ფინანსური სანქციების მტკიცედ აღსრულებას, როგორც უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის უფრო ფართო პასუხის ნაწილს“, - თქვა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ემა რეინოლდსმა.
6 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც მოითხოვდნენ უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გაყინული რუსული აქტივების გადაცემას. დეპუტატების თქმით, ეს გარანტია იქნება იმისა, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი დანაშაულებისთვის და ეს იქნება "მკაფიო სიგნალი", რომ მომავალში შესაძლო კონფლიქტების შემთხვევაში მტკიცე პასუხი იქნება გაცემული.
წერილს ხელს აწერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 10-ზე მეტი წევრი. მათ მხარი დაუჭირეს კოლეგებმა - დეპუტატებმა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს რუსული აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 280 მილიარდი ევროა. მათი უმეტესობა ევროკავშირში ინახება.
ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები რუსული აგრესიის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით რუსული აქტივების ჩამორთმევის შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს ამ იდეას, ზოგი კი ეწინააღმდეგება, მათ შორის, მიუთითებს ამ აქტივებიდან კიევში პროცენტის გადაცემის შესაძლებლობაზე.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო ევროკავშირის დახმარების ახალი ტრანში 1 მილიარდი ევროს ოდენობით - სესხების სახით, რომელსაც კიევი გაყინული რუსული აქტივებიდან პროცენტით გადაიხდის.