ესტონეთი უკრაინისთვის 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას და ტექნიკას შეიძენს, მათ შორის თვითმფრინავებს, წყლის ხომალდებს, სამედიცინო აღჭურვილობას და ესტონეთის თავდაცვის საწრმოების მიერ წარმოებულ სხვა ნივთებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეტალები, რაოდენობა და მიწოდების თარიღები უსაფრთხოების გამო არ საჯაროვდება.
„შარშან შევთანხმდით, რომ წელს და მომავალ წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გავუწევთ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიურად 0,25%-ს გამოვყოფთ ესტონეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციაზე... დღეს ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება უკრაინისგან, რაც საშუალებას მოგვცემს უკრაინელებს დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
ესტონეთის სამხედრო დახმარების ძირითადი ინვესტიცია განხორციელდება საქმიანობებში, რომლებიც საშუალებას მისცემს ესტონურ კომპანიებს წვლილი შეიტანონ უკრაინის გამარჯვებაში.
გარდა ამისა, ესტონეთი პირდაპირ სამხედრო მატერიალურ დახმარებას გაუწევს უკრაინას, მიიღებს მონაწილეობას უკრაინის თავდაცვის ძალების წვრთნაში და ლუქსემბურგთან ერთად უხელმძღვანელებს IT კოალიციას უკრაინის დასახმარებლად.
ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები ასევე აპირებენ წელს უკრაინაში ქვედანაყოფების აღჭურვას და წვრთნას.