თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლიამ აქციების დროს დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. სასამართლოს დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან “ნებისმიერი ოდენობის გირაო” შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პროკურორის განცხადებით, ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და წარსულშიც მისი მხრიდან იკვეთება ნარკოდანაშაულთან შემხებლობა.. პროკურატურისვე განცხადებით, ახობაძეს წარსულში საზღვრის კვეთა უფიქსირდება, რის გამოც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა საფრთხის შემცველია.
ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
"ამხანაგი გობეჯიშვილი [პროკურორი] იძახის, რომ ჩვენი საზღვრები იმდენად მორღვეულია... კი გაეპარათ, ახლა ვიღაც-ვიღაცები, მაგრამ მათ ფულიც ჰქონდათ, კონტაქტებიც და ჯანმრთელობაც, ფიზიკურად არ შემიძლია მე გადაკვეთა. ამის გარდა არსებობს სხვადასხვანაირი საშუალებები, რომლითაც ჩემი ლოკაცია შეგიძლიათ დაადგინოთ". - მიმართა ახობაძემ სასამართლოს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგენენ. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძე უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.