წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში ხანძარს ებრძვიან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის თქმით, ლეშამუგეს უბანში ხანძარმა დააზიანა ელექტროსადენები და ცეცხლი ძალიან ახლოს არის საკომუნიკაციო ანძებთან. თუმცა, მისივე თქმით, ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებს ზუგდიდის ბრიგადებიც შეუერთდნენ.
რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, როგორც ვანო ბურდული ამბობს, მოსახლეობამდე ერთ კმ-ზე მეტია.
ამასთან, როგორც ბურდულმა პირველ არხს განუცხადა, ხანძრის ლოკალიზება ლეშამუგეში უკვე მოხერხდა, მაგრამ ამ წუთისთვის უკვე ჯგალის თემშია ხანძრის ახალი კერა.