მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“რამდენი ბრალდებაც არ უნდა შეთითხნოს რეჟიმმა, ერთი რამ ნათელია:
მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა.
შევადაროთ:
საქართველო, რომელიც მან ჩაიბარა – კორუფციით გაჟღენთილი, კრიმინალური კლანების კონტროლის ქვეშ, უიმედო და დასუსტებული.
საქართველო, რომელიც მან დატოვა – რეგიონის ლიდერი, ნომერ პირველი რეფორმატორი, ქვეყანა, რომელიც მსოფლიომ სამაგალითოდ აღიარა.
რას აღარ აბრალებდნენ – და ბოლოს პიჯაკი, თაიგული და ცხვარი “იპოვეს” – მართლა ქვეყნის ნამდვილმა მძარცველებმა!
ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის – პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს.
ისინი არ სჯიან დანაშაულისთვის – სჯიან სიმართლის თქმისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის!
ეს უსამართლობა დროებითია.
ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რეჟიმების ისტორია – და ვიცით, როგორ უნდა დავასრულოთ ეს ბრძოლა წარმატებით!”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამანაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მარტს გამოაცხადა.
უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილსთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.