უკრაინაში ომის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ვიდრე აქტიური საომარი მოქმედებები არ შეწყდება ფრონტზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის აშშ-ს სტრატეგია ორ ძირითად ეტაპს მოიცავს, რომლებსაც რუბიო „გეგმა A“ და „გეგმა B“ უწოდებს.
”გეგმა A არის სროლის შეჩერება, რათა გადავიდეთ გეგმა B-ზე, მეორე ფაზაზე, რაც გულისხმობს ყველას მაგიდასთან მიყვანას, შესაძლოა შატლის დიპლომატიის საშუალებით, რათა ვიპოვოთ გზა ამ ომის სამუდამოდ დასასრულებლად ისე, რომ იყოს მდგრადი და მოერგოს ყველას საჭიროებებს”, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.
მან აღიარა, რომ ამერიკული გეგმის მეორე ეტაპის განხორციელება ადვილი არ არის, მაგრამ რუბიო დარწმუნებულია, რომ პირველი ეტაპის დასრულებამდე მის მიახლოებაც კი შეუძლებელი იქნება.
„ძნელია შეთანხმდე ომის სამუდამოდ დასრულებაზე, როცა ისინი ერთმანეთს ესვრიან, ამიტომ პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა სურს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, იმ პირობით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს თავისთავად ადვილი არ იქნება.
ჩვენ გადავდივართ მეორე ფაზაზე, რომელიც უფრო რაღაც გრძელვადიან და პერმანენტულს მოიცავს. რთული იქნება. ამას დიდი შრომა დასჭირდება, ორივე მხრიდან დათმობა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს“, - განაცხადა მან.