აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს რუსულ მხარესთან კონტაქტი დღეს, ოთხშაბათს ექნება, რათა განიხილონ უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და ნაბიჯები კონფლიქტის დასასრულებლად.
„ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით რუსეთის პასუხს და მოვუწოდებთ მათ, განიხილონ საომარი მოქმედებების დასრულების ყველა შესაძლებლობა“, - თქვა რუბიომ ირლანდიაში, სადაც ის საუდის არაბეთიდან ჩავიდა.
„ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება შეუძლებელია. ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს სამხედრო გზით მათი მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას. ამ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება, გვქონდეს მშვიდობა. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი და რთულია პროცესის დაწყება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ესვრიან და ადამიანები იხოცებიან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, ამ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შევძლებთ და დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან სადაც ორივე მხარე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბევრი მუშაობის შედეგად ორმხრივად მისაღებ შედეგს მიაღწევს, რაც უკრაინის შემთხვევაში უზრუნველყოფს გრძელვადიან კეთილდღეობას და უსაფრთხოებას“, – თქვა რუბიომ.
რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი შეთავაზებას დათანხმდება.