პოლონეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება აღდგენილია. ამის შესახებ ოთხშაბათს, 12 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
”მე ამას ვადასტურებ. იარაღის მიწოდება იასიონკას გავლით (ჟეშუვ-იასიონკას აეროპორტი პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე) დაუბრუნდა წინა დონეს”, - თქვა მან ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიჰასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იასიონკის აეროპორტი უკრაინის მომარაგების მთავარი ჰაბია, რომლის გავლითაც უკრაინას დახმარების ძირითადი ნაწილი მიეწოდება.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.