თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებულ მძღოლს, შოთა ქარუმიძეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადგილზე თათბირის საფუძველზე მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ითხოვდა.
როგორც საქმის პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ქარუმიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.
პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 1 მაისს გაიმართება.
შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.