Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რადგან ვაშინგტონი ცდილობს, გაიგოს, შესაძლებელია თუ არა სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კიევში, რათა ზელენსკი ხელისუფლებიდან ჩამოაშორონ.
აშშ-ს ადმინისტრაციის ოთხი მაღალი თანამდებობის პირი დაუკავშირდა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაახლოებულ ადამიანებს, იტყობინება Politico წყაროებზე დაყრდნობით.
დისკუსიები ძირითადად ფოკუსირებული იყო უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიდო საომარი მდგომარეობის გამო, აღნიშნავს გამოცემა სამ უკრაინელ პარლამენტარზე და აშშ-ის რესპუბლიკელ საგარეო პოლიტიკის ექსპერტზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები დარწმუნებულნი არიან, რომ ზელენსკი ნებისმიერ არჩევნებს წააგებს, რადგან უკრაინაში "ომის დაღლილობა და კორუფციით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილება" მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოკითხვების მიხედვით ზელენსკის რეიტინგი 45-55%-ს შორის მერყეობს და კვლავაც მნიშვნელოვნად უსწრებს როგორც ტიმოშენკოს, ისე პოროშენკოს.
ამ ყველაფრის საწყისად განიხილება ბოლო კვირებში გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები, მათ შორის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, ავრცელებენ უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის შესახებ. ამ კამპანიის კულმინაცია გახდა გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული მწვავე კამათი ტრამპს, ზელენსკის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის.
დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითია ტრამპის განცხადება, რომ ზელენსკი „არჩევნების გარეშე მმართველი დიქტატორია“, ისევე როგორც გაბარდისა და ილონ მასკის მცდარი მტკიცება, თითქოს ზელენსკიმ არჩევნები გააუქმა. სინამდვილეში, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას, სანამ ქვეყანა საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება.
მაგრამ როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ არჩევნები ჩაძირავს ზელენსკის, ის მაინც უფრო პოპულარულია ვიდრე ტიმოშენკო და პოროშენკო. Politico -ს ცნობით, ბრიტანულმა Survation-მა თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხულთა 44 პროცენტმა თქვა, რომ მხარს დაუჭერს ზელენსკის არჩევნებში.
ზელენსკის უახლოესი კონკურენტი, რომელიც მას ჩამორჩება 20 პროცენტზე მეტი პუნქტით, არის ვალერი ზალუჟნი, უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩია ბრიტანეთში. მხოლოდ 10-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი პოროშენკოს, ტიმოშენკომ კი გამოკითხულთა მხოლოდ 5,7 პროცენტის მხარდაჭერა დააგროვა.