ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ განაცხადა. გუნბას თქმით,, მის საარჩევნო შტაბში არსებული წინასწარი შედეგებით, ხმების 50%-ზე მეტი აქვს.
„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია. ეს შედეგი შესაძლებელი გახდა იმ ნდობის წყალობით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოუცხადეს ჩვენს დიდ გუნდს. და რაც მთავარია, ეს ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა ვის მისცეს ხმა, თავისი სამოქალაქო პოზიციისთვის. ეს არ არის ბადრა გუნბისა და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება. ეს აფხაზი ხალხის გამარჯვება უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“, - თქვა გუნბამ.
აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა.
ე.წ. არჩევნებში რეგისტრირებული იყო 134 ათასზე მეტი ამომრჩეველი.