ბრიტანეთი მზად არის მიწაზე ჯარები და ცაში თვითმფრინავები გაგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განცხადება თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ გაერთიანებულ სამეფოში არის ცნობილი ლოზუნგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – „ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობა“, და ეს არის ის, რაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ, რადგან არ შეიძლება, იყოს მშვიდობა, რომელიც აჯილდოებს აგრესორს ან წაახალისებს სახიფათო რეჟიმებს. მე მჭიდროდ ვმუშაობ ევროპელ ლიდერებთან და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის გაგზავნოს ჯარები და თვითმფრინავები შეთანხმების მისაღწევად, იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რათა მშვიდობა გაგრძელდეს- განაცხადა სტარმერმა.
კირ სტარმერის თქმით, 18 ქვეყანა უკვე უერთდება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს და უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიას.
სტარმერმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს, ვიდრე აქამდე. ამასთან, სტარმერის თქმით, ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპამ უნდა „გაზარდოს“ თავდაცვის ხარჯები.
დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტარმერმა ასევე დაადასტურა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გადაწყვიტეს, „დაიწყონ მუშაობა ახალ ეკონომიკურ შეთანხმებაზე, მოწინავე ტექნოლოგიებით“.