საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიასთან დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის დეტალების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.
"როგორც აღვნიშნე, შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არალეგიტიმური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იყო. იქ საუბარი იყო ახალი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.
ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ...
პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ნამდვილად უკიდურესად სამარცხვინოა და წარმოაჩენს ივანიშვილის არაქართულ სახეს, როდესაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოყენება ხდება, როგორც “ტიტუშკების” იმისთვის, რომ იძალადონ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, იძალადონ ქართველ ქალზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.