არავის აინტერესებს მისი დამცირება, ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე ის არის სამოქალაქო აქტივიზმი და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება ის არის, რას ეძახიან? ტიტკუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხო არაა ეს?! უფრო მაგიტომაა სტანდარტია აქაც რბილად რომ ვთქვათ.
არ არის ეს მისაღები ფორმა ნამდვილად, მანამდე ორი თუ სამი ახალგაზრდა რომ ეუბნება ეს გასაგებია, მაგრამ შემდეგ რაღაც საგნების სროლა არ უნდა იყოს და არაა მისაღები.
მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ქართული ოცნების თანამდებობის პირის თუ რომელიმე მომხრის ან წარმომადგენლის მიმართ, მისაღები ფორმაა და გახარიას წინააღმდეგ, რომელიც რეალურად დადასტურებულად მოღალატეა, არ არის მისაღები. მე ვამბობ, რომ ასეთი დონის მოღალატესაც კი, კვერცხი არ უნდა ესროლო, ფორმა არაა გადასარევი.
ეს პიარის ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდებით, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, მეტი მისი სწორი არავინ არის, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ეს იმდენად გაცვდა მისი და მისი თანაგუნდელების, დანარჩენი გახარიების მხრიდან, რომ საზოგადოებას სასაცილოდაც არ ჰყოფნის. არავის აინტერესებს მისი დამცირება, ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით, მეტს ვეღარ დაამცირებ, გახარიას უფრო დამცირება ჩემი აზრით შეუძლებელია. ამიტომ მოვუწოდებ იმ ადამინებს, მის მიმართ ამ ფორმით ნუ გამოხატავენ პროტესტს“, - განაცხადა მდინარაძემ.
გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში, დღეს დილით, მიუნხენიდან საქართველოში დაბრუნებისას უცნობი პირები დახვდნენ.