ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაესწრება ევროპელი ლიდერების "კრიზისულ" სამიტს პარიზში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიცირებულია ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯების კვალდაკვალ. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია ორშაბათს, 17 თებერვალს, ლიდერები, სავარაუდოდ, განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის შესახებ მოლაპარაკებების პროცესიდან ევროპის „გამორიცხვის“ შესახებ, პოზიციას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მზად არიან შესთავაზონ.
დაუნინგ სტრიტმა დაადასტურა, რომ კირ სტარმერი აპირებს დასწრებას მაკრონის მიერმ ოწვეულ სამიტზე და შემდეგ შეხვედრიდან შეტყობინებების გადაცემას ტრამპისთვის, რომელსაც ის მომავალ კვირაში ვაშინგტონში უნდა შეხვდეს.
თავის ერთ-ერთ ბოლო კომენტარში სტარმერმა თქვა, რომ უსაფრთხოების კუთხით დადგა მომენტი, რომელიც "თაობაში ერთხელ" ხდება.
„აშკარაა, რომ ევროპამ მეტი როლი უნდა მიიღოს ნატო-ში... ბრიტანეთი იმუშავებს იმაზე, რომ შეინარჩუნოს აშშ-სა და ევროპის ერთიანობა.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რაიმე განხეთქილებამ ჩვენს გაერთიანებაში გარე საფრთხეებისგან ყურადღება გადაგვატანინოს“, - აღნიშნა მან.
გამოცემის ანონიმური წყაროები ბრიტანეთში ამბობენ, რომ მაკრონის მიერ მოწვეულ სამიტს, სავარაუდოდ, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაესწრებიან.