დღეს მიუნხენში ახალი გლობალური წესრიგის კონტურები იხატება, კატასტროფაა, რომ საქართველოდან ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები აქ არ არიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
„თქვენ გგონიათ, რომ მათ არ შეეძლოთ აქ ჩამოსვლა? შეეძლოთ, მაგრამ კიდევ უფრო დიდ სირცხვილს დაეჯახებოდნენ, რადგან მათთან არავინ შეხვედრას არ მოისურვებდა და სწორედ, ამიტომ არ არიან აქ. მათ საკუთარი ეგო დააყენეს ყველაზე მაღლა, იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველო აქ იყოს წარმოდგენილი, როგორც იმ გლობალური წესრიგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ხვალ, ზეგ იქნება აქ საუბარი.
წელს მიუნხენში წარმოუდგენლად დიდი კონფერენცია, ასეთი მაღალი დონის არასდროს ყოფილა. მაშინ როცა ჩვენი ხელისუფლება აქ არ არის, იმას ნიშნავს, რომ საქართველომ პერიფერიაზე გადაინაცვლა. ეს იმის ბრალია, რომ ივანიშვილი ბიძინა, ბოლო 4 წელი არწმუნებდა ხალხს, რომ ჩვენ არავინ ვართ, უნდა ვიყოთ ჩუმად, თითქოს, სიჩუმე დაგვიცავს. უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველომ არ მიიღო ახალი წესრიგის შექმნის პროცესში მონაწილეობა და არ დაიცვა გეოსტრატეგიული ინტერესები, ჩვენ მარტო დარჩენილებს, პირისპირ ოკუპანტ, აგრესიულ ქვეყნებთან, ძალიან გაგვჭირდება. ამიტომ დღეს აქ ყოფნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე და სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს ავუხსნათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სასწრაფოდ იყოს აღდგენილი. ქართველი ხალხი იმსახურებს სიმშვიდეს და სამართლიანი წესრიგის აღდგენას, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. არჩევნების მიღწევა, სამწუხაროდ, ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ,- განაცხადა გახარიამ.
14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. საქართველოდან კონფერენციას მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დაესწრებიან.