საქართველოს საგარეო სამინისტროს მტკიცებით, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი "დიპლომატიურია" და იქ "არავითარ მოთხოვნაზე საუბარი არ არის".
"ვადასტურებ, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძემ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრისგან წერილი მართლაც მიიღო, მაგრამ ეს წერილი არის ძალიან დიპლომატიური, როგორიც შეეფერება მეგობარ სახლმწიფოებს შორის მიმოწერას და არავითარ მოთხოვნებზე საუბარი არ არის", - განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაინტერესება ბუნებრივია, რადგან საქმე მისი ქვეყნის მოქალაქეების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებას შეეხება.
"ბუნებრივია, როცა ერთი ქვეყნის მოქალაქეების დაკავებას ეხება საქმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ბედით ინტერესდება, ისე როგორც, ამას ასეთ შემთხვევებში ქართული მხარე აკეთებს", - დასძინა კანადაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ისრაელის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციას, გრიგოლ ვაშაძის უწყება გამოძიების დასრულებამდე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას ერიდება და აცხადებს, რომ ეს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა.
შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძეს "მკაცრი" წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საქართველო-ისრაელის შემდგომი ურთიერთობების "გაფუჭებით" იმუქრებოდა.