ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ "მისტრალის" შეძენით დაინტერესებას კვლავ სკეპტიკურად უყურებს.
"საქართველოს პოზიცია უცვლელი რჩება. ბუნებრივია, ეს არის ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკები, რომელიც მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა, მაგრამ საქართველომ და არა მხოლოდ საქართველომ გამოთქვა თავის დროზე სკეპტიკური დამოკიდებულება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს გარიგება შეიძლება მოიცავდეს", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, ქართული მხარე იმედს იტოვებს, რომ ის საფრთხეები, რასაც საფრანგეთსა და რუსეთს შორის აღნიშნულ გარიგებაში საქართველო და სხვა სახელმწიფოები ხედავენ, არ განხორციელდება.
"იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე სახელმწიფო იმ საფრთხეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებმა და არა მხოლოდ საქართველომ გამოთქვეს, გაითვალისწინებს და რეალობაში ეს საფრთხეები არ განხორციელდება. მიუხედავად ამისა, რადგან შემსყიდველ მხარეს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, რომელმაც უკან არ დაიხია და საქართველოს მიმართ უკანონო აგრესია აწარმოა, ამ საფრთხეების მიმართ კვლავ სკეპტიკურად ვრჩებით", - განმარტა კალანდაძემ.