საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 25 იანვარს, პირდაპირი ეთერის საშუალებით, სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" მიერ არის მომზადებული.
"პირველი კავკასიური" ეთერში ხვალ გადის. მათგან წამოვიდა ინიციატივა, რომ არხის პირველი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. პროექტი მასშტაბურია, რომლის მიხედვითაც სრულიად საქართველოს მოსახლეობას ყველა რეგიონიდან, ასევე, ჟურნალისტებს როგორც რეგიონალური, ისე ნაციონალური არხებიდან, ბეჭდურ, ელექტრო და ინტერნეტ მედიის წარმომადგენლებს, ექნებათ საშუალება, პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში კითხვები დაუსვან. ჩვენი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას ყველა რეგიონის მოსახლეობა მიიღებს და კითხვები შეეხება ყველა სფეროს, ასევე პრობლემურ საკითხებსაც, რომელიც მოსახლეობიდან გამომდინარეობს. პროექტი "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს" 18:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი კითხვების გამოგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისამართზე president@gpb.ge"- აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას სიანფორმაციო ცენტრი იმუშავებს და ტელეფოფონის საშუალებით მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში დაუსვას კითხვა.
მანჯგალაძის თქმით, დეტალების შესახებ ინფორმაცია "პირველი კავკასიურის" ხელმძღვანელობისგან გახდება ცნობილი.
პროექტის ფარგლებში პრეიზდენტი კითხვებს ქართულ ენაზე უპასუხებს და სავარაუდოდ მისი ხანგრძლივობა რამდენიმე საათით განისაზღვრება.