აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აცხადებს, რომ დაქირავებულ პერსონალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებს. სააგენტოს ეს განცხადება გამოქვეყნდა ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღე გათიშული იყო.
თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებამდე, ძალაში შევიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება USAID-ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შერწყმის შესახებ.
სამშაბათს, გვიან ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში, USAID-ი წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, მიმდინარეობს გეგმის შედგენა, რათა მომდევნო 30 დღის განმავლობაში განხორციელდეს საზღვარგარეთული მისიებისა და ოფისების პერსონალის გამოწვევა.
აღნიშნულია, რომ შვებულება არ შეეხება პერსონალს, რომელის პასუხისმგებელია მისიის კრიტიკულ ფუნქციონირებაზე, ხელმძღვანელობასა და სპეციალურ პროგრამებზე.
"გმადლობთ, გაწეული სამსახურისთვის", - ასე ასრულებს განცხადებას ორგანიზაცია, რომელიც ათწლეულებია აშშ-ის მრავალმილიარდიან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა კოორდინაციას მსოფლიოს გარშემო.
3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაიხურა USAID-ის ვაშინგტონის სათაო ოფისი. იქ დასაქმებულ პერსონალს კი ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ მათი სამსახურში გამოცხადება აღარ იყო საჭირო.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დააკისრა.
რამდენიმე დღის წინ, ულტრამილიარდერმა ილონ მასკმა, რომელიც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს უდგას სათავეში, კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს USAID-ს და მას კრიმინალური ორგანიზაცია და "გველების ბუდე" უწოდა.
სააგენტოს კრიტიკაში მასკს მიემხრო პრეზიდენტი ტრამპი, რომლის თქმითაც USAID-ს "რადიკალი შეშლილები" მართავენ.
USAID-ი, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე.
USAID-ს 10 000 მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომლის ორი მესამედი საზღვარგარეთ 60-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონულ მისიაში.