აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სადიგოვის წარმომადგენელი "სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან", ქეთი ჩუთლაშვილი ჟურნალისტის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე თანხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა 28 ნოემბერს დააკმაყოფილა, თუმცა 14 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოცემამდე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სადიგოვის საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარს ეხებოდა. სააპელაციოს ეს გადაწყვეტილება „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტრასბურგში გაასაჩივრა და დროებითი ღონისძიების გაგრძელება მოითხოვა, რაც რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს.