"შეარბილეთ ბრალდება. თქვენც კარგად იცით, რომ ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა" - ამის შესახებ დეკანოზი გიორგი წეროძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს პროკურატურას მზია ამაღლობელისთვის ბრალდების შერბილებას სთხოვს.
"მზია ამაღლობელისთვის. ღმერთმა ჩამასმინა ეს მომართვა საქართველოს პროკურატურისთვის, ამიტომ თქვენთან ყველა ღმერთის მოყვარულისთვის სავალდებულო უნდა გახდეს. შეარბილეთ ბრალდება. თქვენც კარგად იცით, რომ ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა. (ასეა არა მარტო მზია ამაღლობელისთვის).
დაუთმეთ ადგილი სასამართლოს. გახსოვდეთ ყველა ვინც ქრისტეს მოსვლამდე მიიტაცებს სასჯელის გამოტანის უფლებას - არის ანტიქრისტე. მორწმუნისთვის ეს დამღუპველია. ქრისტიანისთვის დამღუპველია იცოდეს სიკეთის კეთება და ვერ/არ აკეთოს, იცოდეს რომ ცოდვას სჩადის და არ გადაიფიქროს. ის ვისაც არ სწამს მკვდრეთით აღდგომა და ის რომ ღმერთი ახლა ჩვენს შორის არის - სანქციებისა არ იყოს მშრალი გამოვა წყლიდან. აი ღმერთის მოყვარულს კი გაუჭირდება. იმიტომ რომ იცის - ცოდვას სჩადის, შურს იძიებს, იტაცებს სასამართლოს ფუნქციას და ღმერთის ხმას მაინც უგულებელყოფს. ნუ მოტყუვდებით, რომ მხოლოდ პატრიარქმა ან ეპისკოპოსმა უნდა გაგაგონოთ მსგავსი შეგონება. ეს შეუძლია ყველა ქრისტეს მოყვარე ადამიანს და ასევე მეც, დეკანოზ გიორგი წეროძეს. 1პეტ 2:6-10: " თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი." ვისაც ღმერთი უყვარს-შემოგვიერთდით," - წერს დეკანოზი.