ივანიშვილისთვის არ არსებობს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი, რომელიც მას არ ეკუთვნის, მისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და ჩამოსაშორებელია, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
"არაერთხელ მომისმენია მისგან ერთგვარი უკმაყოფილება, რომ ეს ხალხი როგორი დაუნახავიაო, როდესაც რამე კრიტიკას ისმენდა ხელოვნების ნებისმიერი წარმომადგენლისგან. ძალიან რეაგირებდა, ძალიან მტკივნეულად. მის აზროვნებაში ეს ხალხი მას ეკუთვნოდა, ნაყიდი ჰყავდა და როგორ ბედავენ და საერთოდ რამე კრიტიკულს ამბობენო.
საერთოდ, ივანიშვილისთვის არ არსებობს თავისუფალი ადამიანი, ნივთი, თუნდაც ხე - ის ხე, როდესაც ბუნებაში სადღაც ხარობს, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, სანამ არ მოჭრის და თავის ეზოში არ მოიტანს, იგივე ამ ცხოველების მოყვანის ლტოლვა, იგივე მისი ჩიტების დიდი რაღაც ციხე, აკვარიუმები და ზუსტად ასევე ხალხზე. ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს არ ეკუთვნის, მისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და პირიქით ჩამოსაშორებელია." - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.