"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის საქმეზე, რომელიც საპოლიციო ძალების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა, დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაცია წერს, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმეში მის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ჩადენის ხერხთან დაკავშირებით სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მტკიცებულებები მოიპოვება.
"ამ ინფორმაციების და მტკიცებულებების შეუთავსებლობა, სულ მცირე, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმე არის შეთხზული და, რომ სინამდვილეში საბა სხვიტარიძეს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია."- ნათქვამია განცხადებაში.
საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353- 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს - მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.