გუშინ მორიგი მაწანწალა "მიშისტები" აგვეტორღიალნენ, ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, რწმენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ ვინმე ებრძოდა ან თავს ესხმოდა. ამიტომ შეუძლიათ, ასეც გააგრძელონ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ისინი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან.
„სიმბოლურია, რომ ევროპამ და განსაკუთრებით, სხვა ქალაქებთან ერთად, სტრასბურგმა, ძალიან ბევრი რამ ნახა ამ ქუჩებში, მაგალითად, ნახა დევნა, ნახა ის, თუ როგორ ატარებდნენ ადამიანები გულზე ვარსკვლავს, როგორ დევნიდნენ. ამიტომ ეს მრავალჭირნახული ევროპული ტერიტორიაა, სადაც ვიმყოფებით. სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა, ამ ქუჩებში კვლავ ხდება განსხვავებული აზრის დევნა თანამედროვეობის ფაშისტებისგან. გუშინ მართლაც იყო შემთხვევა, როდესაც მორიგი მაწანწალა „მიშისტები“, ქუჩაში თავს დაგვესხნენ ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია, გამოგვეკიდნენ თუ აგვეტორღიალნენ და გვაწებებდნენ იმ იარლიყს, რომელიც არის მონა და ა.შ. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი იარლიყი მოგვაწებონ. ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, რწმენისთვის, საკუთარი კულტურისთვის, საკუთარი გადარჩენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ ვინმე ებრძოდა ან თავს ესხმოდა. ამიტომ შეუძლიათ, ასეც გააგრძელონ. ისინი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან. ესენი არიან სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, მათ შორის, ზოგიერთი დამკვირვებლადაც იყო ზოგიერთ უბანზე და, რა თქმა უნდა, გაბრაზებული არიან, რომ არჩევნები წააგეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფოტო: RFE/RL