შენს თანამშრომელს როდესაც ხელშეკრულების ვადა ეწურება, გადაწყვეტილებას იღებ, გჭირდება თუ არა ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან განაცხადა, სადაც თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხს შეეხო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მერიაში ამჟამადაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ.
"ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა ის, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს. ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერეს პეტიციას, თუმცა ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.