22 იანვარი სახელგანთქმული ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძის) დაბადების დღეა.
ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი 1904 წელს კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში დაიბადა.
1924 წელს, 20 წლის გიორგი საბალეტო დასთან ერთად გასტროლებით გერმანიას ესტუმრა, საიდანაც საბჭოთა რუსეთში აღარასოდეს დაბრუნებულა. მან რამდენიმე მეგობართან ერთად, გერმანიას დევნილის სტატუსით შეაფარა თავი. მალევე, გიორგი ბალანჩივაძე პარიზში გაემგზავრა და იმ დროისთვის სახელგანთქმული იმპრესარიოს, სერგეი დიაგილევის რუსულ ბალეტს შეუერთდა.
1933 წელს ბალანჩინმა მოღვაწეობა დაიწყო შეერთებულ შტატებში, სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბალეტო დასი (1948-იდან "ნიუ-იორკ სიტი ბალე")
ბალანჩინის თაოსნობით თანადაფუძნებული ამერიკის საბალეტო კომპანიამ მეოცე საუკუნის ცეკვის ისტორია შეცვალა. „ნიუ-იორკ სიტი ბალეტი" დღეს აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მოცეკვავეებს ამზადებს.
ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში.
60-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ჩამოფარებულმა "რკინის ფარდამ" რღვევა დაიწყო, ჯორჯ ბალანჩინი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და კონცერტები ჩაატარა. წლების შემდეგ მას მიეცა საშუალება, საკუთარი ოჯახის წევრები ენახა. ბალეტმაისტერი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა შვილი არასოდეს ჰყოლია.
ჯორჯ ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკში, ოკლენდის სასაფლაოზე. ანდერძის თანახმად, მისი ქონება საბალეტო დასის მოცეკვავეებს გაუნაწილდა.