დღეს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობასთან [უკანა შესასვლელი] „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ.
„ბათუმელების” დამფუძნებელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ამასთან, ის მე-11 დღეა შიმშილობს.
გუშინ, 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.
20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: პუბლიკა