უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება კომპრომისზე, რომელიც მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებას, თუნდაც ყველა მოკავშირის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ყოველთვის უკრაინულად დარჩება, ვიდრე ესტერიტორეიბი არ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არ დაბრუნდება.
"რაც არ უნდა ვინმემ მოინდომოს. თუნდაც მსოფლიოს ყველა მოკავშირე გაერთიანდეს, ჩვენ მაინც არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. ჩვენ მათ იურიდიულად არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ის ყოველთვის ოკუპირებულ ტერიტორიებად დარჩება, ვიდრე იქ არ დავბრუნდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს, რადგან აგრესორის თანაბარ პირობებში დაყენების ნებისმიერი მცდელობა უკრაინის დამარცხებაა.
„ამ ამბავში პუტინის სუბიექტივიზაცია შეუძლებელია, მან ყველაფერი დაარღვია. ის არის დამნაშავე და ეს უნდა გააცნობიეროს. მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელია, თუ მას თანაბარ პირობებში ესაუბრები - ეს უკრაინისთვის დანაკარგია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.