"ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმში "სოკარის" 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი წლებია, შრომით დატვირთვასთან შეუსაბამო ხელფასს იღებენ.
გაფიცულთა შორის არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები
"არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი.
ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ ხელფასის გაზრდა, მაგრამ უარი გვითხრეს. სემეკის დადგენილებით ხდება ხელფასების განსაზღვრა და ჩვენ არ შეგვიძლია, არანაირი მატება არ იქნება 2028 წლამდეო.
აქეთ დაგვემუქრნენ - თუ არ მოგწონთ, წადით, დაგაჯარიმებთ, ფულს აქეთ მოგატანინებთო და რატომ გვაშინებენ? ჩვენ მშვიდად ვაპროტესტებთ და ვიცავთ ჩვენს შრომით უფლებებს.
გვეუბნებიან - "ჩვენც გვიჭირს, ჩვენც დაბალი ხელფასები გვაქვს". მაშინ საიდან ეს საუკეთესო მანქანები, საიდან ყოველ წელს ახალი მანქანების ყიდვა? რა ხელფასი აქვთ, როგორ შოულობენ ერთ წელიწადში? მე შვიდი წელია აქ ვმუშაობ და მანქანა ვერ შევიძინე და ესენი ყოველ წელს როგორ ყიდულობენ, თუ ჩვენსავით კაპიკი ვერ შეაქვთ ოჯახში, საიდან ეს 2024-წლიანი ჯიპები?“ - ეუბნება ბათუმელებს გაფიცული თანამშრომელი რუსლან ქაღბადაძე.
გაფიცულების თქმით, თუ გაფიცვა არ შეწყდება იქამდე, სანამ ხელფასები არ გაიზრდება.
"200-250 კაცი ყველა შევთანხმდით, რომ გავიფიცოთ და აღარ გავაგრძელოთ მუშაობა. რასაც ჩვენ ვშრომობთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ყველაფრის ანაზღაურება სულ ცოტა 1500 ლარი მაინც უნდა იყოს" - აცხადებს გაფიცული მამუკა დიასამიძე.