საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანება ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმას.
"ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევდაისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება", - წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე, იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.