თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო აჩერებს ყველა აქტივობას. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!
ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!
თუმანიშვილის თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას", - წერის განცხადებაში.
გიორგი ჩაჩანიძე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან "ბაბილოსთან" დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
შეგახსენებთ, 12 იანვარს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეთა კორპორაციული წვეულება გაიმართა. წვეულების პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. წვეულების დასრულების შემდეგ, მოსამართლეებს შენობის დატოვება პოლიციელთა კორდონის დახმარებით მოუწიათ. ადგილზე პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.