თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოსთან“, პროევრპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა დედები, ოჯახის წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები პროტესტით ხვდებიან მოსამართლეებს, რომლებიც რესტორანში წვეულებისთვის იკრიბებიან.
ადგილზე მოქალაქეებმა სირცხვილის კორიდორი შექმნეს, სადაც გავლა უწევთ რესტორანში შესვლის მსურველ მოსამართლეებს.
„მურუსიძე მონა“ - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემის ერთ-ერთ მესვეურს, რომელიც შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება.
„ალბათ ყველა მიხვდება რესტორნის წინ რატომ ვდგავართ. ჩვენ არ გვექეიფება, დედები ვართ გამწარებული. სამშბლოს სიყვარულისთვის არ უნდა დაისაჯონ ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი ვაჟკაცებიც უნდა იყვნენ გარეთ და უნდა იქეიფონ, თუ საქეიფო დრო აქვს საქართველოს. მეტი სათხოვარი არაფერი გვაქვს, ნუ დაგვცინიან. სამართალმდა უნდა იზეიმოს“, - ამბობს „ტვ პირველთან“ აქციაზე დაკავებული გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
„რას აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოა, გუშინ და გუშინწინდელი სასამართლოს პროცესების მერე, რომ გაუშვეს ამდენი ბავშვი ციხეში. ვივლით ყველგან ამ ბანერებით“, - ამბობს ირაკლი მინინოშვილის დედა ელენე ხუნდაძე.
როგორც იუწყებიან, ზოგიერთმა მოსამართლემ შენობაში შეღწევა უკანა კარიდან ამჯობინა.