"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.
შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.
მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.