თბილისში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოეებმა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით მსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.
ალილოს მონაწილეებს მსვლელობის დროს მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა.
შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
საშობაო მსვლელობი გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ბათუმში და ა.შ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება. წელს ალილოს მსვლელობის ტრადიციას 25 წელი შეუსრულდა.