ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს შეეხება, განსაკუთრებით, როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ბოლო დღეებში პრეზიდენტები შეწყალების უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ.
„ერთიანი ფორმატის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ფორმატმა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგიდით შედგება, გაამართლოს საზოგადოებრივი მოლოდინი და უზარმაზარი ენერგიის კონვერტაცია კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგში მოახდინოს. ლიდერი არის ის, ვისაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ასეთი ნდობით დღეს ნამდვილად სარგებლობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, განსაკუთრებით როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება. ჩვენთვის უწიგნური, ანტიევროპული ყაველაშვილი არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტის ლეგიტიმურ წარმომადგენლად დარჩება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ 29 დეკემბრამდე მას შეუძლია იმ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება, რასაც შეწყალება ჰქვია. საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ბოლო დღეებში პრეზიდენტები ამ უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.