ჩრდილეოთ კორეის დანაკარგი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებშია ჩართული, დაახლოებით 1100 სამხედროს შეადგენს. იტყობინება სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით.
ვარაუდობენ, რომ ფხენიანი ემზადება რუსეთში დამატებითი ჯარების გასაგზავნად.
"დაზვერვის ყოვლისმომცველი შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება ჯარების როტაციისთვის ან გაძლიერებისთვის", - თქვა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა (JCS).
შტაბის ინფორმაციით, ამჟამად ფხენიანი აწვდის რუსეთს სარაკეტო გამშვებებს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს. ასევე, ჩრდილოეთ კორეა იწყებს თავდასხმითი დრონების მასშტაბურ წარმოებას.
სეულის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია რუსეთის ფედერაციაში 12 ათასამდე ჯარისკაცის გადაყვანა. ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ნაწილი უკვე მონაწილეობდა კურსკის რეგიონში საომარ მოქმედებებში.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი ფხენიანს უხდის 2000 დოლარს თითოეულ სამხედროზე, რაც უდრის ხელფასს, რომელსაც რიგითი ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქე 83 წლის განმავლობაში აიღებდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ივნისში ეწვია და კიმ ჩენ ინთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
შეთანხმების მე-4 მუხლის მიხედვით, ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში, მეორე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სამხედრო დახმარება ყველა არსებული საშუალებით.