კარგია, რომ არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძე გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მართა კოსის განცხადებას. რომელშიც კოსმა თქვა: "ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში.ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა ნდობა, აღიარება დაიბრუნოს, და ევროპული მომავალი უზრუნველყოს, რომელმაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა".
არჩილ გორდულაძის თქმით, ხელისუფლება თავის წილ ვალდებულებებს ასრულებს.
„ჩვენს ქვეყანაში სხვა არავინ არსებობს, ვინც რეკომენდაციების გათვალისწინებას შეძლებს. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებებს ვასრულებთ და მომავლშიც იქნება შესრულებული. კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანები და სხვა ორგანიზაციებიც შეასრულებენ ჩვენ წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და ამით ჩვენს ხალხს არ შეურაცხყოფენ. თუ არის რაიმე ისეთი საკითხი, რაც საკანონმდებლო კუთხით რეგულირებას საჭიროებს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჩვენს კანონმდებლობაში ასახული იქნება. არავის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპული მისწრაფებების კურსს გადაუხვია“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.