რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს კურსს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის კანონიერ ეროვნულ ინტერესებს.
"საქართველოში და რუმინეთში იმარჯვებს ის, ვინც რუსეთს არ გვწყევლის. ის არსად არ გვაქებს, უბრალოდ არ გვწყევლის, განსხვავებით დანარჩენი „საზოგადოებისგან“, რომელიც არჩევნების გარშემო ფუსფუსებს და რაღაც პოლიტიკური თანამდებობების დაკავებისკენ ისწრაფვის.
როდესაც მოლდოვაში ღიად, უმძიმესი დარღვევით, რუსეთში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოლდოველს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს, ძლივს იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც დასავლეთს აწყობს - ქალბატონი მ. გ. სანდუ. იქ არავის საუბრობს არანაირ დარღვევაზე, გადახედვასა და კონსტიტუციურ სასამართლოზე.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოში ეუთო-ს 500 დამკვირვებელი იმყოფებოდა. გაიარეს ყველაფერი, შეამოწმეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა. ყველაფერი კანონიერია.
ეუთო-ს მოსაზრებამ, რომელიც ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ყურადსაღები ინსტრუმენტია, "არ იმუშავა", რადგან მათ არ მოსწონთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ხელახლა აირჩიეს და ატარებს კურსს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის კანონიერ ეროვნულ ინტერესებს, მისი ნების შესაბამისად", - განაცხადა ლავროვმა.