ივანიშვილი მშვიდობას დაგვპირდა და აგერ, რუსთაველზე ომი გაგვიხსნა, ევროპას დაგვპირდა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა საბოლოოდ მოკლა - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.
“ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს სისასტიკით უსწორდებიან. ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ აკავებენ და შემდეგ, ამ ხალხს სასტიკად სცემენ. ის ფორმები, როგორც დღეს “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს, წარმოუდგენელია. ივანიშვილი მშვიდობას დაგვპირდა და აგერ, რუსთაველზე ომი გაგვიხსნა. ევროპას დაგვპირდა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა საბოლოოდ მოკლა.
საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, დღეს გვერდით დაუდგეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ პირს და იმ ადამიანებს, ვისზეც იძალადეს - და მშვიდობიანი აქციის ფარგლებში გვერდით დაუდგეს საქართველოს მომავალს. ხალხი ორ რამეს ითხოვს: ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს და სასწრაფოდ დაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი. დღეს საქართველოში, თბილისში, ახალგაზრდებზე ნიღბიანი ადამიანები ძალადობენ. რომელ საუკუნეში ვართ? ეს 90-იანი წლებიც არ არის“, - განაცხადა გახარიამ.