ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში "მე-17 სართული", მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულმა ნათია ძიძიგურმა თქვა, რომ იგი პოლიციამ სექსუალურად შეავიწროვა.
ძიძიგურის თქმით, პოლიციამ იგი დაკავების შემდეგ მანქანაში გადაიყვანა, სადაც ახალგაზრდა ქალს სავარძელზე დაჯდომის უფლებას არ აძლევდნენ და წინასწარი დაკავების იზოლატორშიც სწორედ ამ მდგომარეობაში - მანქანაში მუხლებზე მდგარი გადაიყვანეს.
ძიძიგურის თქმით, მისი დაკავება მოულოდნელად მოხდა.
“ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი დუმბაძეს. თმებში ექაჩებოდნენ და 10 პოლიციელი კისერში ექაჩებოდა/
ეს როცა დავინახე, მივედი ერთ-ერთ პოლიციელთან და ვუთხარი, ნუ აკავებთ-მეთქი. ერთ-ერთი პოლიციელი, ვინც დაკავებამდე ჩემი მისამართით აგრესიულად გამოირჩეოდა, როგორც კი დამინახა, გადმოვიდა გინებაზე. მაგინებდა და ისე ჩამსვა დაკავების მანქანაში.
მანქანაში პოლიციელები მავიწროებდნენ სექსუალურად. ისინი ძალიან დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ.
მუხლებზე დამაყენეს, ძირს მანქანაზე, არადა უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა და მათ ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა არ აკეთებდნენ.
მივმართავდი, თუ შეიძლება დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავაადგილებით-მეთქი, მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, „ღვედი ხომ არ გაგიკეთო“, „ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ“...მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი და ისე გადავყავდით“, - აცხადებს ნათია ძიძიგური.
ის ამბობს, რომ შეუძლია ამ პოლიციელების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, სხვა პირმა დააკავა, ოქმში კი სხვისი სახელი მიუთითეს:
„განყოფილებაში ოქმი რომ შემიდგინეს, დამკავებელ პირებში ჩაწერეს პატრულ-ინსპექტორი ქალის სახელი, - მე კი სინამდვილეში დამაკავა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. შემიძლია მისი იდენტიფიცირება... ჯერ ჩემი სასამართლო არ ყოფილა და უკვე ცრუ მოწმე დამიყენეს, თითქოს სხვამ დამაკავა“, - ამბობს ძიძიგური.
19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს.