ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ "მეგობარი აქტი" დადებითად გადაწყდეს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, „მეგობარი აქტის“ ავტორმა ჯო უილსონმა “ამერიკის ხმას” განუცხადა.
“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. “მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს.
მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში.
ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც "მეგობარი აქტი" კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს”, - უთხრა კონგრესმენმა “ამერიკის ხმას”.
ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ ავტორი და წარმდგენია. აქტი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების და ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ყოველისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა. აქტი მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს.