თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა მოამზადა უკრაინაში ომის გაყინვის გეგმა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რომლის წარდგენასაც აპირებს რიო დე ჟანეიროში, "დიდი ოცეულის" სამიტზე. იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანი უკრაინას შესთავაზებს, პუტინისთვის დათმობის სახით, კიევის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვის გადადებას მინიმუმ 10 წლით.
ნატოში გაწევრიანების გადადების კომპენსაციის მიზნით, თურქეთის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო ტექნიკის მიწოდებას სთავაზობს.
ერდოღანის გეგმის თანახმად, გათვალისწინებულია დემილიტარიზებული ზონის შექმნა დონბასის აღმოსავლეთით და "დამატებითი გარანტიების სახით", იქ საერთაშორისო ჯარების განთავსება.
Bloomberg-თან საუბრისას, თურქეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ უკრაინას გაუჭირდება ასეთი წინადადების მიღება, მაგრამ მათი აზრით, "ეს ყველაზე რეალური მიდგომაა".
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქეთის "ოფიციალურ პირებს სურთ, შეაჩერონ დისკუსია ოკუპირებული ტერიტორიების ბედზე და ფოკუსირება მოახდინონ ცეცხლის სტაბილური შეწყვეტის უზრუნველყოფაზე".
ერდოღანი იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მონაწილეობა მიიღოს სტამბოლში მოლაპარაკებებში, რადგან, როგორც Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "უკრაინამ შეიძლება დაკარგოს მეტი ტერიტორია უახლოეს თვეებში, თუ ბრძოლა არ შეჩერდება".
"დიდი ოცეულის" სამიტი რიო-დე-ჟანეიროში 18-19 ნოემბერს გაიმართება. რუსეთი და თურქეთი G20-ის წევრები არიან, უკრაინა კი არა. ზელენსკი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან, როგორც Bloomberg-ი წერს, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ "იგნორირება გაუკეთა ზელენსკის თხოვნას მოწვევის შესახებ".