ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, 100 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნოს რუსეთის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. ამის შესახებ Bloomberg ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, ასეთი ნაბიჯი არ არის გარდაუვალი და ამ მასშტაბის სამხედრო მხარდაჭერა - თუ ეს მოხდება - დიდი ალბათობით განხორციელდება ჯგუფურად ჯარების როტაციით და არა ერთჯერადი განლაგებით.
Bloomberg-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განლაგება აჩვენებს, რომ ომი გლობალური ხდება და ეს საკითხი ამ კვირაში ბრაზილიაში G-20 სამიტზე განხილვის საგანი იქნება, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრისას.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფხენიანმა რამდენიმე ათასი სამხედრო გაგზავნა რუსეთის ფედერაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკვე 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება. მისივე თქმით, ჩრდილოკორეელებმა უკვე განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგი.
მოგვიანებით, შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ რუსეთში დისლოცირებული ჯარისკაცების უმეტესობა კურსკის რეგიონში უკვე მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.
ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეკრიბა 50 ათასი ოკუპანტი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კურსკის რეგიონში შეტევისთვის.
ისინი აპირებენ სახმელეთო შეტევის დაწყებას იმ რეგიონის ნაწილის დასაბრუნებლად, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.