შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: რადიო თავისუფლება