ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგები უნდა შეეჯამებინათ, თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს კომისიის წევრმა დავით კირთაძემ, სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დროებით შეწყდა.
ინცინდენტს წინ უსწრებდა სიტყვიერი შელაპარაკება გიორგი კალანდარიშვილსა და დავით კირთაძეს შორის.
"თქვენი ხელით ჩვენს საქართველოს, ჩვენს მომავალ თაობას წაართვით მომავალი და მიაქანებთ რუსეთისკენ. თქვენ ბატონო თავმჯდომარესაც ვერ გეტყოდით, თქვენ ხართ "ტოჩკა. რუ" იმიტომ, რომ შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი. თქვენც კარგად იცით, თვითონაც ქართულმა ოცნებამაც კარგად იცის,საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ საქართველოში ყოველი მეორე ქართული ოცნების მხარდამჭერი არაა. ამიტომ თქვენ ხართ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ჩვენი ქვეყანა წინ წაეწია და სამწუხაროდ სულ უკუსვლით წაიყვანეთ", - თქვა კირთაძემ.
გიორგი კალანდარიშვილმა დავით კირთაძეს 2-წუთიანი რეგლამენტის დარღვევაზე მიუთითა და სიტყვა შეაწყვეტინა, რის შემდეგაც კირთაძე მას მიუახლოვდა და სავარაუდოდ, საღებავი შეასხა. კირთაძე სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ცესკოს შენობასთან, სადაც შეკრებილები არიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ფოტო: რადიო თავისუფლება